დავით მაზიაშვილი

დირექტორი

ფილოლოგიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას, მრჩეველი საგანმანათლებლო-სამეცნიერო საკითხებში (2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით).

ავტორია მონოგრაფიისა „ტომ სტოპარდი და პოსტმოდერნიზმი“ (2014), აგრეთვე სამეცნიერო სტატიებისა. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი „რობერტ სტურუას იულიუს კეისარი. ფრაგმენტები სადადგმო რეპეტიციებიდან“. (2015).

რამდენიმე სამეცნიერო საგრანტო პროექტის წამყვანი სპეციალისტი: „შექსპირის თარგმნისა და შესწავლის ისტორია საქართველოში“ (თსუ, 2015 წ.) და „შექსპირის ტექსტი და მისი ადაპტაციის პრობლემა თეატრში“ (რობერტ სტურუას სპექტაკლების მიხედვით. თსუ, 2016 წ.).

2016 წ-ს დავითმა გაიმარჯვა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში“, პროექტისათვის „შექსპირის რეცეფცია XX საუკუნის მეორე ნახევრისა და XXI საუკუნის ინგლისურ ლიტერატურასა და თეატრში“ და 2017 წ-ს სამი თვით სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ოქსფორდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო სიმპოზიუმსა და კონფერენციაში; არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების კრებულების სარედაქციო კოლეგიის წევრი, საერთაშორისო, ეროვნული და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების თანაორგანიზატორი და საგანმანათლებლო-სახელოვნებო და საგანმანათლებლო-ინტელექტუალური პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი. მათგან ყველაზე გამორჩეულია საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტების ციკლი „სტურუას შექსპირის სამყარო“ (2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით).

2010 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა „საკვირაო ლიტერატურული კლუბი“, დღემდე მისი ხელმძღვანელია.

ძირითადი საქმიანობის პარალელურად, 1999 წლიდან 2012 წლამდე იყო სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი, ხოლო 2005 წლიდან დღემდე ფოლკლორული ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერალ-მგალობელია.

დავით მაზიაშვილი მარიამ ალექსიძესთან ერთად არის თანამედროვე საბალეტო დასის დაარსების ინიციატორი და პროექტის თანაავტორი.

2016 წლიდან დავით მაზიაშვილი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორია.

უკან დაბრუნება