მარინა ალექსიძე (გოდერძიშვილი)

დასის მმართველი-მთავარი ბალეტმაისტერი

პედაგოგი, ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

1967 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები - თამარა ვიხოდცევა და ვახტანგ ჭაბუკიანი), 1977 წელს - ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით, ხოლო 1986-1988 წლებში გაიარა კლასიკური ბალეტის პედაგოგის კურსები.

1967-1992 წლებში იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე. შესრულებული აქვს სოლო და წამყვანი პარტიები საბალეტო დასის რეპერტუარის ყველა კლასიკურ და ნეოკლასიკურ დადგმაში. მონაწილეობდა გიორგი ალექსიძის ყველა საავტორო სპექტაკლში. 1978 წელს გადაღებულ ფილმ-ბალეტ „მედეაში“, გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიით, მარინა ალექსიძემ მედეას გამორჩეული და დაუვიწყარი სახე შექმნა. 1992 წლიდან გიორგი ალექსიძის სიცოცხლის ბოლომდე მარინა მის ასისტენტად მუშაობდა. 1994-2004 წლებში იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის გამგე. წლების განმავლობაში, როგორც აღმდგენი ბალეტმაისტერი, თანამშრომლობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთ თეატრთან. სხვადასხვა დროს მუშაობდა პედაგოგად თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ქორეოგრაფად ბავშვთა საბალეტო სტუდიასა და ბავშვთა ყინულზე ფიგურული სრიალის სკოლაში. 2004 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის პედაგოგ-რეპეტიტორია.

2011 წელს ალექსიძეების ოჯახმა დააფუძნა გიორგი ალექსიძის სახელობის „თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი“. მარინა ალექსიძე ამ ფონდის მიერ განხორციელებული ყველა პროექტის კონსულტანტია. მომავალი ქორეოგრაფ-რეპეტიტორების აღზრდას იგი გიორგი ალექსიძისეული მეთოდიკით აგრძელებს - 2009 წლიდან ხელმძღვანელობს ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასთან არსებულ საბალეტო ხელოვნების „ქორეოგრაფ-რეპეტიტორის პროგრამას“.

მარინა ალექსიძე არის მემკვიდრე გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიისა, რომელიც სამასამდე ქორეოგრაფიულ დადგმას მოიცავს. მასვე უნდა ვუმადლოდეთ გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის ვიდეოარქივის შენარჩუნებას.

ამჟამად მარინა ალექსიძე მუშაობს გიორგი ალექსიძის წიგნის გამოცემაზე, რომელიც მაესტრომ თავის სიცოცხლეში ვერ დაასრულა. ავტობიოგრაფიული და პროფესიული მიმართულების ეს წიგნი ღირსეული და განსაკუთრებული დანატოვარია ქორეოგრაფიისთვის, ხელოვნებისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.

2016 წლიდან მარინა ალექსიძე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასის მმართველი და მთავარი ბალეტმაისტერია.

უკან დაბრუნება