ნინო გოგუა

წამყვანი სოლისტი

თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 2004 წელს დაამთავრა და იმავე წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი გახდა, 2008 წლიდან კი - ბალეტის წამყვანი სოლისტი. ნინო გოგუას შესრულებული აქვს სოლო და წამყვანი პარტიები როგორც დასის კლასიკური, ისე ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტების სარეპერტუარო სპექტაკლებში. ნამუშევარია ისეთ ქორეოგრაფებთან, როგორებიც არიან: გიორგი ალექსიძე, იური გრიგოროვიჩი, ლეონიდ ლავროვსკი, ჟილ რომანი, იორმა ელო, იური პოსოხოვი, ფილიპ კოენი, ალექსეი რატმანსკი, ტრეი მაკინტაიერი, ალექსეი ფადეეჩევი, რედა ბენტეიფური.

2008 წლიდან მონაწილეობს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის პროექტებში.

2010 წელს მიენიჭა პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილისა და ჟილბერ ალბერის სახელობის ვარსკვლავის წოდება.

2008 წელს, ნიუ-იორკში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის საგასტროლო ტურნეს დროს, შეასრულა ჯ. ბალანჩინის "Duo Concertant" და ი. პოსოხოვის „საგალობელი“, რომლის შემდეგ The New York Times ნინო გოგუაზე წერდა: „..ეშხიანი და ექსპრესიული გოგუა, რომელიც ნებისმიერ კომპანიას სიცოცხლეს შესძენდა, კვლავ შეუდარებელი იყო“.

2013 წელს ნინო მიიწვიეს შვეიცარიაში, მორის ბეჟარის საბალეტო დასში („ბეჟარის ბალეტი ლოზანაში“).

2016 წლიდან ნინო გოგუა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტია.

უკან დაბრუნება