მარიამ დარჩია

წამყვანი სოლისტი

მარიამ დარჩია

2011 წელს დაამთავრა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. სწავლობდა მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო სასწავლებელში (რუსეთი), ქ. მიუნხენის (გერმანია) მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის საბალეტო აკადემიაში. 2013 წლიდან ცეკვავდა ვაშინგტონის ბალეტისა და სუზან ფარელის საბალეტო დასებში (აშშ).

2013 წელს მონაწილეობდა ქ. ბერლინში გამართულ საბალეტო კონკურსში Tanzolymp, სადაც კლასიკური ცეკვის კატეგორიაში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე წელს გახდა ნიუ-იორკის Youth America Grand Prix - ის ფინალისტი.

2016 წლიდან მარიამ დარჩია გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სოლისტია, შესრულებული აქვს სოლო პარტიები დასის სარეპერტუარო დადგმებსა თუ პროექტებში:

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია: ასტორ პიაცოლა - მინიატურა “Che Tango Che”, დმიტრი შოსტაკოვიჩი - „შიში“ მინიატურა მარინა ცვეტაევას ცხოვრებაზე; ედისონ დენისოვი - მინიატურა „იო“; ი. ს. ბახი - Fantasia; გია ყანჩელი „ფსალმუნი“; გადიას სახე თანამედროვე ბალეტში გია ყანჩელის მუსიკაზე „დიპლიპიტო”, მხატვარი – იური გეგეშიძე; ქალი თანამედროვე ბალეტში Conexion ალფრედ შნიტკეს მუსიკაზე; მუზას სახე თანამედროვე ბალეტში „ფიროსმანი“ სულხან ნასიძის მუსიკაზე; შავი ქალი თანამედროვე ბალეტში „ლირიკული სიუიტა“ ალბან ბერგის მუსიკაზე.

მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია: ლეილისა და წითელი მნათობის სახე თანამედროვე ბალეტში ნიზამი განჯელის პოემების მიხედვით „ხამსე“ ფოლად ბულბულ ოღლის მუსიკა, მხატვარი – მურაზ მურვანიძე; არაქნესა და პროკნეს სახე თანამედროვე ბალეტში ოვიდიუსის მეტამორფოზების მიხედვით „მეტამორფოზები“, ი.ს. ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა, მხატვარი – ანა ნინუა; მონაწილეობს სპექტაკლებში: თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე „დოვინ-დოვენ-დოვლი...STALAG VIII-A, PENSATIVA, …à la Duduki, „გურჯი-ხათუნი“, „ფოლია“, „მეტრონომი“, „ხმა დაირისა..“, Hinter den Grenzen, The Goldberg Variations,„ძველებური ცეკვები“,„12 პაემანი“, The Bach Project 1 და სხვა

მარიამ დარჩია მონაწილეობს დასის საგასტროლო წარმოდგენებში საქართველოს რეგიონებში. 2018 წ-ს შედგა პირველი საერთაშორისო გასტროლი გერმანიაში; ლიტერატურულ-მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პროექტი Hinter den Grenzen განხორციელდა მარიამ ალექსიძის მიერ გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსისა და კომპოზიტორის რუსუდან მეიფარიანის ანსამბლთან თანამშრომლობით. 2019 წელს შვეიცარიის ქ.ციურიხის Theater Rigiblick-ში  წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი  STALAG VIII-A, ოლივიე მესიანის თხზულებაზე „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“, შვეიცარიაში მოღვაწე მუსიკოსების ირინა ვარდელის, მატია ზაპას, ანდრეას იანკესა და დიმიტრი აშკენაზის მონაწილეობით. 

2019 წელს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში მუშაობის ათი წლის აღსანიშნ გალაზე  შეასრულა დუეტი და სოლო თანამედროვე ბალეტიდან „ალვა“ ი.ს. ბახისა და გია ყანჩელის მუსიკაზე.

2019 წელს დასი შეუერთდა თანამედროვე ცეკვის ნოვატორ ამერიკელ ქორეოგრაფ მერს კანინგემის 100 წლის საიუბილეო თარიღის მსოფლიო აღნიშვნას. მარიამმა მონაწილეობა მიიღო კანინგემის ცეკვის ტექნიკის კლასებსა და რეპერტუარის ვორკშოპში, რომელიც მოწვეულმა პედაგოგმა ეშლი ჩენმა დასის მოცეკვავეებსა და სტუდენტებს ჩაუტარა. 2020 წელს კი მარიამმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრიტანელი ქორეოგრაფის უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპში, რომელიც დასისთვის ჩატარდა უეინ მაკგრეგორის დასის მოცეკვავისა და მიწვეული პედაგოგის ლუის მაკმილერის მიერ.

2020 წლიდან მარიამ დარჩია გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტი გახდა.

ამავე წელს მარიამ დარჩიასთვის შეიქმნა ლუჩია ჯოისის სახე ფილმ-ბალეტში „ლუჩიას ოთახი“ - რომელიც მარიამ ალექსიძემ და დავით მაზიაშვილმა ჯეიმზ ჯოისის შემოქმედების საფუძველზე შექმნეს, ფილმის საუნდტრეკის ავტორია ხელოვანი ანამარია ბურდული. მარიამ დარჩია ლუჩიას როლის შესრულებისთვის 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ ნომინანტი გახდა.

2020-ში მარიამი გადაღებული იყო მუსიკოს Nash Albert-ის სიმღერის, Autumn Rain ვიდეოკლიპში, რომლისთვისაც ცეკვა სპეციალურად მარიამ ალექსიძემ დადგა და გადაღება რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე შედგა.

2021-ში, დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით, მარიამ ალექსიძემ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით  დადგა თანამედროვე ბალეტი-ხილვა „ბეატრიჩე“, სადაც ბეატრიჩეს სახე მარიამ დარჩიასთვის შექმნა. თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა. ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ, ბალეტისათვის სპეციალურად შექმნა საავტორო მუსიკა, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად სრულდება. კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა. „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ერთად დასის მიერ შეიქმნა თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სატელევიზიო  ვერსიაც, რომელიც 2021 წელს დანტეს გარდაცვალებიდან 700 წლის თარიღის აღნიშვნის ფარგლებში, პირველი არხის საშუალებით ფართო აუდიტორიამ იხილა.

მარიამ დარჩია დაესწრო პროფესორ დავით მაზიაშვილის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებს: დავით მაზიაშვილის სალექციო ციკლი: თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“; დავით მაზიაშვილის შემეცნებითი შეხვედრები და ლექციები პროექტ „მეტამორფოზების“ ფარგლებში  და სხვა.

2022 წელს ირლანდიაში, დუბლინში, ისტორიულ ჯეიმზ ჯოისის ცენტრში, BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ზე გაიმართა მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტ  „ლუჩიას ოთახის“ პრემიერა. ფილმ-ბალეტმა Best International Joycean კატეგორიაში  დაიმსახურა - SPECIAL MENTION. მარიამ დარჩია ფილმის ავტორებთან ერთად მიწვეული იყო დუბლინში „ლუჩიას ოთახის“ პრემიერასა და დაჯილდოების ცერემონიალზე დასასწრებად.

2021-2022 წლებში მარიამმა დასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტებში, ხოლო 2023 წელს საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

 

უკან დაბრუნება