სპექტაკლის საფუძვლად აღებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი მირონმდინარე ალვისხის ანდრეზიდან. ქორეოგრაფია აგებულია ნათელი და ბნელი სამყაროს კონტრასტზე. ნათელი სამყაროდან ერთ-ერთის მოსყიდვის საშუალებით სიკეთის წყაროს განადგურების მცდელობა; ამ ადამიანის ღალატი, მონანიება და სასოწარკვეთილება; ფინალური სცენა კი უბრუნდება ჰარმონიული საწყისის აღდგენას.
ხევსურული ანდრეზი
(ანდრეზები - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები)
გუდელას (ბარისახო) ხმალაში უწინ აღმართული ყოფილა ციხე-კოშკი და გადმოცემის მიხედვით იქვე, მდგარა „მირონმდინარი წმინდა ალვის ხე“... ალვის ხეს წვერზე გამობმული ჰქონია ოქროს ჯაჭვი, რომელზეც ანგელოზები მიდი-მოდიოდნენ და ტკბილ ხმაზე გალობდნენ. ალვის ხიდან გადმონაწვეთი მირონი ჩადიოდა ქვევრს. ერთი ანგელოზი ედგა თავზე და იქ მისულ ყოველ, ღვთისშვილს,ოქროს ბოთლებში უსხამდა მირონს, რომლითაც ნათლავდნენ ხალხს. საკვირველი სანახაობა იყო ირგვლივ: იქაურობა სულ განათებული ყოფილა, ღვთისშვილნი ხმაამოუღებლად შედი-გამოდიოდნენო. მეფეს უბრძანებია, ახლავე წადით, მოძებნეთ მირონის ხე, მოჭერით და აქ მომიტანეთო.…დაჰკრავდნენ ცულს, მაგრამ ხე ისევ მთელდებოდა. გაწვალებულან, მაგრამ ხე მაინც ვერ მოუჭრიათ. ბოლოს, ხალხი შეუკრებიათ, უკითხავთ ეს ხე როგორ უნდა მოიჭრასო? ყველას არ სცოდნია ხის მოჭრის საიდუმლო, ხოლო ვინც იცოდა,არ გაუთქვამს. ერთი ღულელი კაცი ყოფილა, გვარად არიშაული, ის დაუქრთამავთ მოსულებს და მასაც გაუთქვამს საიდუმლო. სანამ ღვთისშვილი პატრონობს, მაგას ცული ვერაფერს დააკლებსო. დააკვლევინა შესაწირი ხის ძირში, ღვთისშვილი გაეცალა ხეს და მოჭრეს იგი. ხე, რომ წაქცეულა, წვერზე გაბმული ოქროს ჯაჭვი გაწყვეტილა და წივილით ცაში წასულა..
ხევსურული მირონმდინარე ალვისხის ანდრეზის მიხედვით
ფანტაზია ქართული ფოლკლორის თემაზე / თანამედროვე ბალეტი „ალვა“ / ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე