ოვიდიუსის პოემა „მეტამორფოზები“, იგივე „გარდასახვანი“ სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ყოველი მითი გარდასახვით მთავრდება. „მეტამორფოზებს“ წარმართულ ბიბლიას უწოდებენ. ოვიდიუსის ამ პოემით, მასში გაერთიანებული თქმულებების არსითა და სახეებით მწერლები, პოეტები, მხატვრები, კომპოზიტორები, რეჟისორები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები და მეცნიერები ეპოქების მანძილზე საზრდოობდნენ. პოემაში მოცემულია სამყარო, რომელიც მუდმივ ცვალებადობაზეა აგებული. ქორეოგრაფიული იდეის საფუძველიც ცვალებადობაა. სამყაროს უსასრულო სივრცისა და ფანტაზიის გამოსახატავად ქორეოგრაფიის შემოქმედებითი ძალა მიმართულია, რომ დაუბრუნდეს მითს, გააცოცხლოს ადამიანთა ბუნება, გამოხატოს მათი ფიზიკური, შინაგანი და გარეგნული მდგომარეობა, დაუბრუნდეს მათ ფსიქოლოგიას, გააცნობიეროს იგი და ხან პლასტიკურ, ხან კი სქემატური ფიგურების შექმნით გამოხატოს ის იდეები, ფორმები და ძალები, რომელიც ადამიანის მეტამორფოზას ახდენს და მის სულს აყალიბებს.
ჩანაფიქრის მიხედვით მეტამორფოზა უნდა მომხდარიყო, როგორც იდეასა და ქორეოგრაფიაში, ისე მის გამოსახატავად აუცილებელ ყველა მიმართულებაში. მეტამორფოზა უნდა მომხადარიყო სივრცის თვალსაზრისითაც, ამიტომ სპექტაკლი არა აკადემიურ თეატრალურ გარემოში, არამედ განსხვავებულ, ახლებურ სივრცეში უნდა შექმნილიყო. აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონი არის ძალზე საინტერესო ფორმის სივრცე, რომელიც სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის ანა ნინუას მხატვრული გადაწყვეტის მიხედვით, სპეციალურად ამ ჩანაფიქრისთვის მოეწყო. აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიის მიერ სცენა და მაყურებელთა დარბაზი აიგო და სპექტაკლისათვის შექმნილი განათებისა და გახმოვანების სქემის მიხედვით თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. მაყურებელთა დარბაზი ერთი მხრივ მცირე ზომის ბერძნულ-რომაულ ამფითეატრს მოგვაგონებს, მეორე მხრივ კი, თანამედროვე თეატრს, როდესაც მაყურებელი მოქმედებასთან ახლოა მოთავსებული და მისი ერთგვარი ნაწილია. მხატვრული ჩანაფიქრიც ანტიკურისა და თანამედროვე ეპოქების სულის მატარებელი, დროის დამაკავშირებელი, მეტამორფოზული სიმბოლოებით გაჯერებული სივრცეა. უმთავრესი მეტამორფოზა მუსიკალური მიმართულებით უნდა მომხადარიყო. არჩევანი გავაკეთე იოჰან სებასტიან ბახსა და თანამედროვე კომპოზიტორ ნიკა მაჩაიძეზე, რომელმაც სპექტაკლისათვის ორიგინალური მუსიკა შექმნა და ჩემს მიერ შერჩეულ ბახის კომპოზიციებთან სინთეზში საუნდ დიზაინით გააფორმა. ადრეულ მუსიკასა და მინიმალისტურ, ელექტრონულ მუსიკას შორის დიალოგით ნათლად ჩანს თუ როგორი მეტამორფოზა განიცადა მუსიკამ ეპოქების მანძილზე.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს დავინახოთ თანამედროვე ცეკვის დღევანდელობა საქართველოში, გავიცნოთ ახალი სახეები და წარმოვაჩინოთ მოქმედი ხელოვანების განვითარების პროცესები. გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება თანამედროვე ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ქართული ქორეოგრაფიული წარმოდგენების შექმნის ხელშეწყობაა. თანამედროვე ქორეოგრაფია თანამედროვე მუსიკასთან და თანამედროვე თეატრალურ მხატვრობასთან მხარდამხარ ვითარდება, რაც ქვეყანაში დარგის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა და რასაც გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ ემსახურება. დასის საქმიანობის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისათვის დიდ მადლობას ვუხდი ქალაქ თბილისის მერიასა და საკრებულოს!
ეს პროექტი გამორჩეულია იმით, რომ თანამედროვე საბალეტო დასისთვის დაიდგა კიდევ ერთი საავტორო, ქართული თანამედროვე ბალეტი, რომლის შექმნაშიც დღეს ჩვენს წიაღში მოქმედი ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანები მონაწილეობენ. თეატრალური დარბაზი და სცენა, რომელიც აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონში აიგო, ჩანაფიქრის ორიგინალურობას კიდევ უფრო გამოკვეთს. ამ შესაძლებლობისთვის და შთაგონებული, თავდაუზოგავი თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიის დირექტორს ბატონ გიორგი ხაინდრავას და სტუდიის მთელ გუნდს!
პროექტის ფარგლებში დასის დირექტორის და პროექტის იდეის, კონცეფციისა და ხელმძღვანელის დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრით აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიასთან ერთობლივად ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი შემეცნებითი ვიდეო პროექტი განხორციელდა. მეტამორფოზების სამზადისის დაწყებიდან ყოველი კვირის პარასკევს ინტერნეტ სივრცეში დაინტერესებული მაყურებელი ვიდეორგოლების საშუალებით ეცნობოდა სპექტაკლის დადგმის პროცესს, მასში მონაწილეებსა და შესრულებულ სამუშაოებს. ვიდეოებს თვალს ადევნებდა ათიათასობით მაყურებელი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოება დაინტერესებულია თანამედროვე ხელოვნებით, ქორეოგრაფიით და მისი შექმნის პროცესებით.
სპექტაკლის შექმნის პროცესში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოცეკვავეები გარდა სპექტკლისათვის საჭირო ფიზიკური და სულიერი მომზადებისა, ღრმად შეიცნონ მასალა და გაჟღენთილებმა და შთაგონებულებმა ამ სამყაროთი, საკუთარი სხეულის ფიქრი ინდივიდუალური ემოციების, ენერგეტიკისა და გრძნობების საფუძველზე გადასცენ მაყურებელს. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული შესაძლებლობა მოგვეცა: ალექსიძეების ოჯახის ძვირფასმა, ერთგულმა მეგობარმა აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა დასის წევრებს თავის ბინაზე უმასპინძლა და ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ შესახებ ლექცია წაუკითხა. თსუ-ის პროფესორმა თემურ კობახიძემ დასისთვის სპეციალურად წაიკითხა ლექცია „ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ აღქმა მეოცე საუკუნის ლიტერატურაში“. დასის წევრები და შემოქმედებითი გუნდი დაესწრნენ თსუ-ის ასოცირებული პროფესორისა და დასის დირექტორის დავით მაზიაშვილის საჯარო ლექციას „შექსპირის მეტამორფოზა 2017 წლის ლონდონის თეატრებში“. დიდი მადლობა მათ ამ დაუვიწყარი შეხვედრებისათვის!
ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ დასის მსახიობები ჩვენ შემოქმედებით გუნდთან მუშაობის, ახალი დადგმების, დასის საგანმანათლებლო მიმართულებისა და რეპეტიციებს მიღმა აქტივობების საფუძველზე ჩვენს თვალწინ სულ უფრო იხვეწებიან, ვითარდებიან ტექნიკურად და ნამდვილ არტისტებად ყალიბდებიან. ჩვენს რთულ პროფესიაში მუდმივმოქმედობა, უწყვეტი და შრომატევადი სამუშაო პროცესი ხარისხისა და განვითარების წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში შემოგვიერთდნენ დასის ახალგაზრდა წევრებიც, პრაქტიკანტები, რომლებმაც 2017 წლიდან დასის საგანმანათლებლო მიმართულების - თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელ კურსებზე სწავლისას გამოიჩინეს თავი. ვგრძნობ, რომ დასთან ერთად მეც ვიზრდები, როგორც ქორეოგრაფი, რადგან დასისთვის შერჩეული და აქ მომუშავე თითოეული მოცეკვავის გონება გახსნილია ფანტაზიისათვის, ხოლო მათი ტექნიკური, სტილისტური, მუსიკალური ზრდა ქორეოგრაფიული ლექსიკის ძიებაში მეტ შესაძლებლობებს მიხსნის. ვფიქრობ ეს სპექტაკლი მნიშვნელოვანი მეტამორფოზა იქნება ჩემთვისაც, როგორც ქორეოგრაფისთვის. ამ ნამუშევრით დავასრულებ ქორეოგრაფად მუშაობის პირველ, ნაყოფიერ ათ წელიწადს და შემდეგ ეტაპზე შევაბიჯებ.
ნებისმიერი კარგი იდეა თუ ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩება თუ ამ წამოწყებაში არ გყავს თანამოაზრეები. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახის წევრებს, ჩვენი დასის მეგობრებს და გულშემატკივრებს. დასისა და სპექტაკლის შემოქმედებით, ტექნიკურ და ადმინისტაციულ გუნდს, სამხატვრო საამქროებს, სახელოსნოებს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში. და ბოლოს, მადლობას ვუხდი ჩემს უმთავრეს თანამოაზრეს, დასის დირექტორს დავით მაზიაშვილს, რომელიც ჩვენი დასის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი და ბირთვია და რომლის გარეშეც „მეტამორფოზებს“ ვერ ჩავბერავდით სულს.
სპექტაკლის მაყურებლისთვის გაზიარებისას სურვილი მაქვს, „მეტამორფოზებმა“ მცირე დროით მაინც დააფიქროს ისინი იმ უსასრულო სივრცეზე, რასაც სამყარო ყველას გვთავაზობს. ვეცადოთ მშვენიერებით შევავსოთ იგი!
მარიამ ალექსიძე
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისა“ და “Silk Factory Studio” - ს ერთობლივი პროექტი.
აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონი
პრემიერა
მეტამორფოზები
თანამედროვე ბალეტი
ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით
სპექტაკლში ჟღერს იოჰან სებასტიან ბახისა და
ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა
იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი -
მარიამ ალექსიძე
დამდგმელი მხატვარი - ანა ნინუა
საუნდ დიზაინი - ნიკა მაჩაიძე
პროექტის იდეის, კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი -
დავით მაზიაშვილი
რეპეტიტორები - მარინა ალექსიძე, ქეთევან მუხაშავრია
განათება - ამირან ანანიაშვილი
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი - ნიალა გოძიაშვილი
ხმის ოპერატორი - გიორგი ზუბაშვილი
მხატვარი-გრიმიორი - ეკატერინე ჩანჩიბაძე
მონაწილეობს: გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - „თბილისის თანამედროვე ბალეტი“
ექო, არიადნე - ნათია ბუნტური
ნარცისი, კიკნუსი, პირამუსი, თესევსი,ორფევსი - ინტიგამ მამედოვი
არაქნე, პროკნე - მარიამ დარჩია
ფილომელა, სიბილა, კლიმენე - მარიამ ქოიავა
დეიანირა - თინათინ მჭედლიძე
სალმაკისი - გვანცა გელაშვილი
ნესუსი, ჰერმაფროდიტუსი, მინოტავროსი - ნიკოლოზ ხურციძე
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“
ტირესიასი, პანი - ალექსანდრე გადელია
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრაქტიკანტი
თისბე, ოკიროე - სტეფანია სისვაძე
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრაქტიკანტი
კუპიდო - თინათინ ბარამიძე
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პრაქტიკანტი
მზის რაშები - მარიამ დარჩია, გვანცა გელაშვილი, თინათინ მჭედლიძე, მარიამ ქოიავა
ჰელიადები - მარიამ დარჩია, გვანცა გელაშვილი, თინათინ მჭედლიძე
მენადები, ჰეკატე - თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი, ალექსანდრე გადელია
მეტამორფოზები - ახალი თანამედროვე ბალეტის დადგმის შესახებ