დაიწყო მნიშვნელოვანი თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს „საქართველოს სინფონიეტა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასს შორის.
1,2 და 3 დეკემბერს, თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრში „საქართველოს სინფონიეტასა“ და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მიერ წარმოდგენილი იქნა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის „ფოლია“ პრემიერა.
ერთობლივი დადგმის ინიციატივა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს „საქართველოს სინფონიეტას“ ეკუთვნის, ხოლო ცეკვა ფოლიას დადგმის იდეა და ქორეოგრაფია მარიამ ალექსიძეს.
დიდი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის ნოვატორული სიტყვა კამერულ ჟანრში სწორედ ორი ფენომენის, მუსიკისა და ცეკვის ბუნების თანაბარ სიმაღლეზე წარმოჩენით ითქვა. მისი იდეების გაგრძელებით მარიამ ალექსიძემ ნეობაროკოსა და თანამედროვე ბალეტის ესთეტიკის შერწყმითა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მსახიობებთან მუშაობით ახლებური ქორეოგრაფიული ფორმა მოძებნა.
ფოლია ერთ-ერთი ადრეული ევროპული მუსიკალური თემაა. პირველად ცეკვის ეს სახელწოდება „ფოლია“ პორტუგალიელი დრამატურგის ჟილ ვინსენტეს პიესაში გვხვდება (XVI საუკუნე), რაც სიგიჟეს, ვნებას ნიშნავს. თავდაპირველად ფოლია საკარნავალო ცეკვა იყო კასტანეტებისა და სხვადასხვა საჟღარუნო და დასარტყამი საკრავების თანხლებით. ასრულებდნენ ქალად გადაცმული მამაკაცები და ისე ხმაურიანად და აღვირახსნილად იქცეოდნენ, როგორც გონებააშლილები. შემდგომში ფოლია სასიყვარულო ხასიათის ცეკვად გარდაისახა და უფრო მოგვიანებით მეტად აღმატებულ ესპანურ ცეკვა-მსვლელობას, სარაბანდას მიუახლოვდა, ტემპიც შენელდა და მაჟორი მინორად იქცა.
გიორგი ქერელაშვილის ხელმძღვანელობით, სპექტაკლის მუსიკალური ვერსია აერთიანებს ანტონიო ვივალდის , ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოებებს ფოლიას თემაზე, აგრეთვე ანტონიო ვივალდის ნაწარმოებს Stabat Mater, რომელსაც კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი ასრულებს.
თბილისის ბაროკო ფესტივალი
სამეფო უბნის თეატრი
პრემიერა
„ფოლია“
თანამედროვე ბალეტი
სპექტაკლში ჟღერს: ანტონიო ვივალდის, ფრანჩესკო ჯემინიანის, ანდრეა ფალკონიერისა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის მუსიკა
პროექტის იდეის ავტორი და ინიციატორი - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
სპექტაკლის იდეის ავტორი და დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
მონაწილეობენ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის მსახიობები:
ინტიგამ მამედოვი, ნათია ბუნტური, მარიამ დარჩია, თინათინ მჭედლიძე, მარიამ ქოიავა, გვანცა გელაშვილი და ნატალია კუკულაძე
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი - მარიამ ალექსიძე
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
სამხატვრო ხელმძღვანელი - გიორგი ქერელაშვილი
მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი)
ეტიენ გალეტიე (თეორბო, ბაროკოს გიტარა)
პრემიერა შედგა 1,2 და 3 დეკემბერს 2018 წ.
FOLIA/სიუჟეტი პრემიერის შესახებ/ახალი დღე 1 TV/03.12.18